უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ოლექსანდრ კუბრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოლექსანდრ კუბრაკოვი

უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ოლექსანდრ კუბრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინელი დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი წერს.

მისივე ინფორმაციით, კუბრაკოვის გადაყენებას 272-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ვიცე-პრემიერი სხდომა არ ესწრებოდა. არც პრემიერ-მინისტრი. მის ნაცვლად ვინ იქნება - უცნობია. როდის იქნება ახალი მინისტრის დანიშვნა, ესეც არავინ იცის“, - წერს ჟელეზნიაკი.

რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია წერდა, რომ უკრაინის ხელისუფლება თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაიყვანს. არსებული ინფორმაციით, კუბრაკოვის გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი ლობირებდა, რომელსაც სურს, რომ „თანამდებობა დატოვოს ყველა ხელმძღვანელმა, რომლებსაც აქვთ უფლება, ზელენსკისთან კაბინეტში პირდაპირ, ერმაკთან შეთანხმების გარეშე შევიდნენ“.