უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა

სვირიდენკო

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

სვირიდენკომ გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტის განახლება დააანონსა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ცვლის პოლიტიკურ სტრატეგიას და საგარეო პოლიტიკის თითოეულ პრიორიტეტულ სფეროზე პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება ექნება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის განსახორციელებლად უკრაინაში საკადრო ცვლილებები დაიწყება.

„პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ დეტალები. დავადგინეთ, რომ ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელია ახალი მინისტრთა კაბინეტი. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, ასევე, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული მუშაობისთვის. შევთავაზე, რომ მან მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების ახალ, მნიშვნელოვან სფეროს უხელმძღვანელოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, იულია სვირიდენკომ მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა დაადასტურა.

„მადლიერი ვარ პრეზიდენტის ნდობისა და ჩვენი გუნდის მუშაობის მაღალი შექებისთვის. ვამაყობ, რომ მქონდა პატივი, მთავრობისთვის უკრაინის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში მეხელმძღვანელა“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.