1745401183
უკრაინაში ომი გრძელდება - "ფაინენშელ თაიმსი" ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინაში ომი გრძელდება - გასულ ღამით რუსული საჰაერო შეტევის სამიზნე ოდესისა და პოლტავის ოლქები იყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა საჰაერო განგაში. უკრაინული მედიის ცნობით, აგრესორმა სახელმწიფომ შაჰიდის ტიპის დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
ომთან დაკავშირებით, ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს "ფაინენშელ თაიმსი". წყაროების თანახმად, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უარი თქვას უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონზე. ამავე წყაროს ინფორმაციით, კრემლი მზადაა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდეს.
პარალელურად, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას არ მიუღია "სამშვიდობო შეთანხმების" ოფიციალური შეთავაზება აშშ-ისგან, რის შესახებაც მედია ბოლო დღეების განმავლობაში წერდა.
დღეს კი უკრაინის ომთან დაკავშირებით ლონდონში მოლაპარაკებები იწყება. შეხვედრას, უკრაინასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ მარკო რუბიო და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.
დონალდ ტრამპის მაისში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტზე კი ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლის პრესსპიკერი - კეროლაინ ლევიტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის პრეზიდენტი იქ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.