უკან დასაბრუნებელ ამაზონის გზავნილს ოჯახმა შემთხვევით კატა გააყოლა

კატა

უკან დასაბრუნებელ ამაზონის გზავნილს ოჯახმა შემთხვევით კატა გააყოლა. შემთხვევა შეერთებულ შტატებში მოხდა. კატა, შეცდომის შედეგად, იუტადან კალიფორნიაში აღმოჩნდა. 

როგორც ირკვევა, კატა, სახელად გალეანა, ამ თვის დასაწყისში გაუჩინარდა. ოჯახმა ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა. თითქმის ერთი კვირის შემდეგ, პატრონებს შეატყობინეს, რომ კატა ამაზონის გზავნილს გაჰყვა და, შედეგად, ათასობით კილომეტრის მოშორებით, სხვა შტატში აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი ტვირთის გადმოტანისას ამაზონის თანამშრომელმა დააფიქსირა. მან მაშინვე სამართალდამცველებს აცნობა. კატის მიკროჩიპის შემოწმების შემდეგ მეპატრონეების საკონტაქტო ინფორმაცია გამოჩნდა. ოჯახმა გალეანას ისტორიის შესახებ სწორედ ამ გზით შეიტყო.

მიუხედავად იმისა, რომ გალეანამ რამდენიმე დღე საკვებისა და წყლის გარეშე გაატარა, საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, გაირკვეს, როგორ აღმოჩნდა იგი ამანათის დიდ ყუთში. მეპატრონეები კატის სახლში დასაბრუნებლად თავადვე გაფრინდნენ კალიფორნიაში.