თურქული მედია მიწისძვრის ეპიცენტრში ქართველი მაშველების გამგზავრებაზე წერს

მაშველები თურქეთში

წამყვანი თურქული გამოცემები აქტიურად ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თურქეთში სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან 60 მახანძრე-მაშველი გაემგზავრა. 

„საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.  როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში, სტიქიის ადგილას უკვე გაემგზავრა. ისინი სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან.“ - წერს თურქული პრესა.

წამყვანი თურქული მედია საშუალებები, ასევე აქტიურად აშუქებენ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  გამოხმაურებას, სადაც ის უდიდეს თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ხალხის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი ქაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.  

„ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ საქართველო დგას  თურქი ხალხის გვერდით და მზად არის აღმოუჩინოს მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“. - წერს თურქული მედია.