1743702991
თურქული კრიპტობირჟის დირექტორს 11,196 წლით პატიმრობა მიესაჯა

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა დამნაშავეებისთვის 40,562 წლით ითხოვდა თავისუფლების აღკვეთას, თუმცა სასამართლომ გარკვეულ ეპიზოდებში Thodex-ის მენეჯერები გაამართლა. თავისუფლების აღკვეთის ასეთი კოლოსალური მაჩვენებელი თურქეთის სასამართლოში არსებული შეკრებითობის სისტემით არის განპირობებული, რომლის მიხედვით, დამნაშავეები ყოველ კანონდარღვევაზე დამატებით სანქციას იღებენ და მათი რაოდენობა ჯამურად იკრიბება. Thodex-ის ხელმძღვანელებს კი ბრალად ედებოდათ 20-მდე მუხლის დარღვევა.
საერთო ჯამში, თურქული კრიპტობირჟის ხელმძღვანელებს ბრალად ედებათ: თაღლითობა, ფულის გათეთრება, ანგარიშგების გაყალბება, მომხმარებლების მოტყუება, რისკების არასათანადოდ მართვა, თანხის მიტაცება და ქვეყნიდან უკანონოდ გაქცევა.
2017 წელს დაფუძნებული Thodex-ი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი კრიპტობირჟა იყო, რომელიც 2021 წელს გაქრა. კრიპტობირჟის ხელმძღვანელებმა მომხმარებლების კუთვნილი 2 მილიარდი დოლარი მოიპარეს და ქვეყნიდან გაიქცნენ. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ისინი ალბანეთში დააკავეს და პასუხისგებისთვის თურქეთის ხელისუფლებას გადასცეს.
ბირჟის დამფუძნებელი, ფარუკ ოზერი აცხადებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და Thodex-ი თაღლითური კომპანია არ იყო. მისი განმარტებით, ჰაკერული შეტევის გამო ბირჟამ კოლაფსი განიცადა, მომხმარებლების თანხები კი ბირჟის ხელმძღვანელებმა დეპოზიტების გადასარჩენად გაიტანეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ცა ჩამოიქცა ჩვენთვის... უმწარესია რეალობა“ - გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სკოლა ემშვიდობება
უნდა შევაღვიძოთ თუ არა პატარა, როცა ღამით მისთვის საფენის გამოცვლა გვინდა - პედიატრის რჩევა მშობლებს