თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი ოთხი სამხედრო დაიღუპა

კკ

 თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მალათიას პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ოთხი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, იუწყება, რომ S-70 ტიპის ვერტმფრენი საღამოს, პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, მალათიას სამხრეთ გარეუბანში მდებარე სამანკოის დასახლებაში ჩამოვარდა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

„მალათიაში ჩვენი S-70 ტიპის ვერტმფრენის მონაწილეობით მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, რომლის მიზეზიც ჯერ დადგენილი არ არის, ბორტზე მყოფი ჩვენი ოთხი მამაცი თანამებრძოლი დაიღუპა“, - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებამ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქვეყნის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა.

ადგილობრივი ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევებს ღია ტერიტორიაზე, რამდენიმე შენობის სიახლოვეს ცეცხლი უკიდია.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

Sikorsky S-70 სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები იყენებენ. მისი მოდიფიკაციებიდან ერთ-ერთი Black Hawk-ია, რომელსაც ეკიპაჟთან ერთად 11-მდე ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია.

✕