თურქეთის ახალ მთავრობაში 17-დან 15 მინისტრი შეიცვალა

თურქეთი

თურქეთის ახალ მთავრობაში 17-დან 15 მინისტრი შეიცვალა. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ დაასახელა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

თანამდებობები შეინარჩუნეს ჯანდაცვისა და კულტურის მინისტრებმა. ახალ სახეებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება ფინანსთა მინისტრმა, ყოფილმა ბანკირმა მეჰმეთ შიმშექმა მიიპყრო, რომელიც ინვესტორებს შორის პატივისცემით სარგებლობს და ორთოდოქსული ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევრად ითვლება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მევლუთ ჩავუშოღლუსგან ჰაკან ფიდანმა გადაიბარა. ფიდანი თურქეთის დაზვერვის (MIT) ხელმძღვანელი და ყოფილი სამხედროა, რომელიც ერდოღანის მრჩევლად მუშაობდა, როცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ფიდანი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ, რომლის შედეგადაც „აზოვსტალის“ მცველები უკრაინაში დაბრუნდნენ.

თავდაცვის სამინისტროში ჰულუსი აქარი შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა, იაშარ გიულერმა შეცვალა. გიულერი მეთაურობდა თურქულ ჯარს სირიაში 2019 და 2020 წლებში სამხედრო შეჭრის დროს, ასევე ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს ერაყში.