წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ომთან, ან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული არ არის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ უკრაინა

შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმება ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს არ უკავშირდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ცალკე დინამიკაა. ეს არის ის, რაც უნდა გაგრძელდეს და მომავალში, კონფლიქტის დასრულების შემდეგ [უკრაინის] აღდგენისთვის თანხები უნდა გამოიყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბრიუსის თქმით, საქმე ეხება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ პარტნიორობას, რომელიც „თაობების განმავლობაში გაგრძელდება, მნიშვნელოვანი იქნება ყველა უკრაინელისთვის და გააძლიერებს მათი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“.

„მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მექანიზმი არ ეხება მოლაპარაკებებს, არ ეხება ცეცხლის შეწყვეტას, არ ეხება ომს. მაგრამ როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას და იმას ეხება, თუ ვინ არიან თქვენი მეგობრები, შეერთებული შტატების მეგობრობა არის ის, რაც თქვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის და ხალხს მომავალს უხსნის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.