1750017082
ტურისტებმა იტალიის მუზეუმში „ვან გოგის სკამი" გატეხეს

იტალიის ქალაქ ვერონაში ერთ-ერთი მუზეუმის დამთვალიერებლებმა ძვირფასი ექსპონატი დააზიანეს. მას შემდეგ, რაც ტურისტებმა სვაროვსკის თვლებით დაფარული სკამი გატეხეს, პალაცო მაფეის მუზეუმი დამთვალიერებლებს მოუწოდებს, პატივი სცენ გამოფენილ ხელოვნების ნიმუშებს.
მუზეუმმა ფეისბუქზე ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უღებს ორი ტურისტი ერთმანეთს ფოტოებს და მონაცვლეობით ირგებს ნიკოლა ბოლას "ვან გოგის სკამს". ვიდეოში ასევე ვხედავთ, როგორ უსრიალდება კაცს ფეხი და აზიანებს ნამუშევარს.
ოფიციალური უწყებების ცნობით, წყვილმა ქვეყანა მანამდე დატოვა, სანამ თანამშრომლები მომხდარს შეამჩნევდნენ. მოგვიანებით გავიგეთ, რომ კაცმა სკამის ორი ფეხი დააზიანა, თუმცა მუზეუმმა მისი შეკეთება შეძლო და დამთვალიერებლებს ისევ შეუძლიათ ექსპონატის ნახვა.
"ეს ყველა მუზეუმის კოშმარია", - ვკითხულობთ დაწესებულების გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მუზეუმის წარმომადგენლები პოლიციასაც დაუკავშირდნენ, თუმცა წყვილის ვინაობა ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს.
ისტორიკოსი კარლოტა მენეგაცოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკამი მყარი ჩანს, ის, რეალურად, მარტივად მტვრევადია.
"სკამის ზემოთ გამაფრთხილებელი წარწერაა განთავსებული და მარტივად მისახვედრი იყო, რომ ის ნამდვილი არ გახლავთ",- ამბობს მენეგაცო.
სვაროვსკის კრისტალებით მორთული სკამი, რომელსაც სახელი ნიდერლანდელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის, ცნობილი ნახატის პატივსაცემად ეწოდა, იტალიელმა სკულპტორმა ნიკოლა ბოლამ დაამზადა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი აპრილში მოხდა, მაგრამ მუზეუმმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მხოლოდ ახლაღა გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, ვიდეოს იმისთვის ასაჯაროებენ, რომ დამთვალიერებლებმა მომავალში გაითვალისწინონ და მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ხელოვნების ნიმუშებს.
"ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით ვიწყებთ კამპანიას, რომელიც ხელოვნების ღირებულებისა და მისი პატივისცემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად", - ვკითხულობთ მუზეუმის განცხადებაში.
პალაცო მაფეის მუზეუმი ვერონაში 2020 წელს გაიხსნა და მასში 650 ექსპონატია გამოფენილი.