წყალმა დედა და და მის თვალწინ წაიღო… 5 წლის გოგონა ღამით ტყეში იპოვეს - ნეპალში გადარჩენილი ბავშვის ტრაგიკული ისტორია

ბავშვი ნეპალიდან

ნეპალში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის ფონზე, ათასობით ადამიანის ტრაგედიის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ისტორია 5 წლის გოგონას, კირტი თამანგს, უკავშირდება.

კირტი ქალაქ ბეტრავატიში, სკოლაში იმყოფებოდა, როდესაც ოთხშაბათს დილით წყალდიდობა მოულოდნელად დაიწყო. მდინარე ტრიშულის წყლის დონემ სწრაფად მოიმატა და დასახლებას მიადგა.

ბავშვმა ორ თანაკლასელთან ერთად გაქცევა და მაღლობზე ასვლა შეძლო. თუმცა, გზაში მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ წაიღო მძვინვარე მდინარემ დედა და უფროსი და.

5 წლის გოგონა მარტო აღმოჩნდა.

კირტი ტყისკენ გაიქცა და იქ დაიმალა. მისი ოჯახის წევრები და ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში ბავშვს ეძებდნენ. საბოლოოდ, ღამით გოგონა ტყეში მისმა ბიძამ იპოვა.

Nepali Times-ის ცნობით, კირტი მომხდარის შემდეგ აღარ ლაპარაკობს. 5 წლის ბავშვისთვის სტიქიის დროს განცდილი შოკი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი პოვნის შემდეგ მას სიტყვა აღარ უთქვამს.

კირტის მამა ამ დროს ნეპალში არ იმყოფებოდა - ის მიგრანტ მუშაკად მალაიზიაში მუშაობს. შესაბამისად, ტრაგედიის დროს ოჯახიდან ბავშვის გვერდით მხოლოდ დედა და უფროსი და იყვნენ.

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 469-ს მიაღწია. სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, თუმცა თითქმის 1 000 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მაშველებს რთულ პირობებში უწევთ ნანგრევებისა და ტალახის გაწმენდა და დაკარგულთა ძებნა.