ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული ბერძენი ამბობს, რომ ქართველებმა ციხეში მისი ლიკვიდაცია შეუკვეთეს

საბერძნეთი

გახმაურებული მკვლელობის შესახებ, რომელიც შარშან ზაფხულს საბერძნეთში მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ბერძნული მედიის ცნობით, გარდაცვლილი 20 წლის ქეროლაინ კრაუჩის მეუღლე, რომელიც გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, აცხადებს, რომ ქართველებმა საპატიმროში მისი ლიკვიდაცია დაუკვეთეს და რამდენიმე თვის წინ, მუქარის შემცველი შეტყობინებაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ახალგაზრდის მკვლელობა ქართველს ბრალდებოდა.

გაზეთ Guardian-ში ელენა სმიტის მოხსენების თანახმად, მეუღლის, სასტიკი მკვლელობისთვის მსჯავრდებული აცხადებს, რომ შიშში ცხოვრობს, რადგან ქართული მაფიის წევრები მას ემუქრებიან.

34 წლის კაცი ამტკიცებს, რომ თავისი თანაპატიმრებისგან შეიტყო, რომ „უზარმაზარ თანხას“ მისი სიცოცხლის სანაცვლოდ სთავაზობენ.

რამდენიმე დღის წინ, პილოტის ადვოკატმა, ალექსანდროს პაპაიოანიდისმა განაცხადა, ეჭვი არ ეპარება, რომ მისი კლიენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ის ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა კორიდალოსში“, - თქვა ადვოკატმა.

ბერძნული მედიის ცნობით, მსჯავრდებული მფრინავი მალანდრინოს ციხიდან კორიდალოს ციხეში გადაყვანას ითხოვს. ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციას წერილობით უკვე მიმართა.

ცნობისთვის, მკვლელობა 2021 წლის მაისში, ათენის გარეუბანში​ მოხდა. თავდაპირველად დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა, მოგვიანებით მისი მონაწილეობა დანაშაულში არ დადასტურდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 20 წლის კაროლაინის მკვლელობისთვის დაკავებულმა ქმარმა მკვლელობის მოტივად ბოლო დროს, გახშირებული ოჯახური კონფლიქტები დაასახელა.

ამ ამბავს ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა გამოეხმაურა და მანამდე დაკავებულ ქართველს მადლობა გადაუხადა.

„ქართველ მამაკაცს ქეროლაინის მკვლელობა რომ ეღიარებინა, ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა. ხარალამბოს ანაგნოსტოპულოსი ასე გააგრძელებდა, იქნებოდა უბედური მეუღლე და კარგი შვილი. მიხალის ხრისოხოიდისი კიდევ ერთხელ დაამარცხებდა კრიმინალს და საზოგადოება მშვიდად იქნებოდა, რომ ერთი “ცუდი უცხოელი” ციხეში ჩაჯდა. მადლობა ქართველო, რომ არ გატყდი!“- დაწერა ელენა აკრიტამ.