ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
2016 წლის 9 დეკემბერს, 29 წლის ელენე შიუკაშვილი მამამისის სახლში ქმარმა მოკლა. ინციდენტი კახეთში, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა. ქმართან მომხდარი ჩხუბის დროს ქალი თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა.
ქმარმა მას სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მკვლელი კი – რამდენიმე კვირაში.
ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფემიციდი" ავრცელებს - პროექტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ელენე შიუკაშვილი და ავთო ბეჟუაშვილი 15 წელი თანაცხოვრობდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ – 12 და 9 წლის. გარდაცვლილის დედის, ნინო შიუკაშვილის თქმით, ურთიერთობა გარდაცვლილებს შორის საკმაოდ დაძაბული იყო. ქმარი უმუშევარი იყო და ხშირად სვამდა.
15–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ელენემ ბოლოს ქმრის დატოვება და, ბავშვებთან ერთად, მამის სახლში გადასვლა გადაწყვიტა. ოფიციალურად გაყრა არ გაუფორმებიათ, ელენეს კი სურდა, მაგრამ ქმარი არ იყო თანახმა. ელენე ღვინის ქარხანაში მუშაობდა.
მშობლების სახლში დაბრუნებიდან ორი კვირის თავზე, ქმარმა მისი მონახულება მოინდომა და მოკვლით დაემუქრა. ცოლი შინ არ დახვდა, სამაგიეროდ ბებიას შეხვდა და დაუბარა, რომ თუ გაყრას გადაწყვეტდა, აუცილებლად მოკლავდა...
მსხვერპლის სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა
რა მოხდა მკვლელობის დღეს?
ნინო შიუკაშვილის თქმით, ოჯახში ერთი რიგითი დღე გათენდა. ყველანი შინ იყვნენ და ერთად ისხდნენ, როცა ბეჟუაშვილი მივიდა და ცოლს ესროლა:
„ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება და ლაპარაკი. 9 დეკემბერს, ანუ იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ყველანი შინ ვიყავით. ელენეს პაპა ავად იყო და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ სახლში. ექიმებმა საჭირო პროცედურები ჩაატარეს და წავიდნენ. 5–10 წუთში კი ეზოში ავთო შემოვიდა, ელენეს თავში სანადირო თოფიდან ესროლა და გაიქცა.
სასწრაფო დახმარება ხელახლა გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ელენე მაშინვე გარდაიცვალა. ჩვენი სახლიდან 500 მეტრში ავთომ იმავე თოფით თავის მოკვლა სცადა. სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორ კვირას იცოცხლა, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ იქვე, პალატაში გარდაცვლილა“.
სად იმყოფებიან ახლა ბავშვები?
ორი ბავშვი ახლა, დედის ოჯახში იზრდება, თუმცა რამდენჯერმე შეხვდნენ მამის მშობლებსაც.
„ბავშვებმა ყველაფერი თავისი თვალით ნახეს... ნახეს, როგორ მოვიდა მამა და როგორ მოუკლა დედა. ამ ამბავმა მათ ფსიქიკაზე საშინლად იმოქმედა. ყოველ პარასკევს თბილისიდან ჩამოდის ფსიქოლოგი, რომელსაც ხვდებიან და ესაუბრებიან“.
საბინა ალაკბაროვა, რომელიც აზერბაიჯანში ფსიქოლოგიის ცენტრში მუშაობს ფსიქოლოგად, ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედია ბავშვის ფსიქიკაზე დაუვიწყარ კვალს ტოვებს და შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაჰყვეს:
„ყველა ფიქრობს, რომ როცა გაიზრდებიან, ტრაგედიას დაივიწყებენ, მაგრამ ასე არ არის. ეს ამბავი მათ მომავალშიც შეახსენებს თავს, შესაძლოა სიყვარულის ბუნებრივი განცდის უნარი დაკარგონ, შეიძლება დაკარგონ ნდობაც ადამიანების მიმართ. აკბაროვას თქმით, ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მოზარდობის ასაკია, სწორედ ამ ეტაპზე ბავშვებზე მზრუნველების როლი უმნიშვნელოვანესია“.
რა ხდება საქართველოში მაშინ, როცა ერთ მეუღლეს განქორწინება სურს, მეორე კი წინააღმდეგია?
იურისტი თამარა გურჩიანი, რომელიც USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა ACCESS–ში მუშაობს, ამბობს, რომ განქორწინებისთვის ადამიანს შეუძლია სასამართლოს მიმართოს:
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ ქალი და კაცი ერთდროულად მიმართავს რეესტრს, საქმის მოგვარებას ნახევარ საათში შეძლებენ, მაგრამ თუ ერთ–ერთი მხარე განქორწინებისთვის მზად არაა, მაშინ განქორწინების მოსურნე მხარემ სასამართლოს უნდა მიმართოს. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ სასამართლოს გამოაქვს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21 ნოემბერს, ინციდენტამდე სამი კვირით ადრე, ავთო ბეჟუაშვილი პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენის, ფლობისა და ტარების ბრალდებით დააკავა, მაგრამ რაიონულმა სასამართლომ გირაოს საფუძველზე ბეჟუაშვილი გაათავისუფლა.
გურჩიანის თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევის დროს, როცა პოლიცია აღმოაჩენს, რომ ერთ–ერთი წევრი არალეგალური იარაღით დადის, საჭიროა შემაკავებელი ორდერის დაწესება ეჭვმიტანილზე, რათა მან მეუღლესთან ახლოს მიკარება ვერ შეძლოს.
ამ შემთხვევაში კი, მკვლელის გარდაცვალების მიუხედავად, სისხლის სამართლის 108–ე მუხლის მიხედვით, საქმე მაინც აღიძრა.