მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა

 პოლიცია

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადმოტანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 ივლისს, ქ. მარნეულში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.დ.-მ წარსულში არსებული შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ფ.დ. 5 ივლისს დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის ივნისში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შემოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.