ცნობილი ადვოკატი, რომელიც კრიმინალებს იცავდა, ახლა პოლიციის გამოძიების მთავარი ფიგურანტია - რას წერს უცხოური მედია

ბრაზილიაში ცნობილი ადვოკატი

ბრაზილიაში ცნობილი ადვოკატი და სოციალური ქსელების ინფლუენსერი გაბრიელა ვიეირა სერაფინი სამართალდამცველების გამოძიების ინტერესის ქვეშ მოექცა. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მისი კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან შესაძლოა მხოლოდ პროფესიული საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ ადვოკატი შესაძლოა შუამავლის როლს ასრულებდა. პოლიცია ეჭვობს, რომ ადვოკატი პატიმრებსა და თავისუფლებაზე მყოფ კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს ერთმანეთის შეტყობინებებს გადასცემდა.

ამ ვერსიის შესამოწმებლად სამართალდამცველებმა სამხრეთ ბრაზილიაში, მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. რეიდის დროს თავად გაბრიელა ვიეირა სერაფინი სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა ჩხრეკას მისი დედა და ორი ადვოკატი ესწრებოდნენ.

გამომძიებლების ცნობით, ჩხრეკისას საძინებელში, ბავშვის ხელთათმანში დამალული, ორი მობილური ტელეფონი, SIM-ბარათები და მეხსიერების ბარათები აღმოაჩინეს. ამოღებული ნივთები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რათა დადგინდეს, შეიცავს თუ არა ისინი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ამ ეტაპზე სანტა-კატარინას სამოქალაქო პოლიცია საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს. ოფიციალური ბრალი ადვოკატისთვის ჯერ არ წარუდგენიათ, ხოლო გამოძიება გრძელდება.

გაბრიელა ვიეირა სერაფინი ინტერნეტში ფსევდონიმით „Advogata“ არის ცნობილი. სახელწოდება პორტუგალიური სიტყვების – „ადვოკატი“ და „გოგონა/ლამაზი ქალი“ – შერწყმითაა შექმნილი.

სოციალურ ქსელებში მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, სადაც კრიმინალური საქმეების, ნარკოდანაშაულის, პოლიციის რეიდებისა და ბანდებს შორის დაპირისპირების ეპიზოდებს ინსცენირებით აცოცხლებს.

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოში სერაფინი ქალის როლს ასრულებს, რომელიც საკუთარ ბინაში ნარკოტიკებს წონის, როდესაც საცხოვრებელში პოლიციის ტაქტიკური ჯგუფი შეიჭრება. ვიდეოში ის ასევე აღწერს იმ სავარაუდო ძალადობას, რომლის შესახებაც, მისი თქმით, ერთ-ერთი კლიენტი ჰყვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნება კანონდარღვევად არ მიიჩნევა, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ხომ არ გასცდა ადვოკატის საქმიანობა პროფესიულ ჩარჩოებს და ხომ არ გადაიზარდა ის კრიმინალურ ჯგუფებთან უკანონო თანამშრომლობაში.

თუ ეჭვები დადასტურდება, საქმე შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გამოძიებად იქცეს, სადაც სოციალური მედიის პოპულარობა და ორგანიზებულ დანაშაულთან შესაძლო კავშირები ერთ საქმეში იკვეთება. ამ დროისთვის კი ადვოკატი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.