ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსის დაავადებას ებრძოდნენ

ცნობილი შიდსიანები

ყოველი წლის 1 დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1988 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა. აივ ინფექცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია, რომლის ბოლო კლინიკურ სტადიასაც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი იგივე შიდსი წარმოადგენს. ის აივ ინფიცირებულ პირთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტითა და ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით გადაეცემა. ასევე, შესაძლოა, გავრცელდეს ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.

აივ ინფექცია/ შიდსი პირველად 1981 წელს აშშ-ში აღწერეს. თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აივ/შიდსზე მასთან გამკლავებისა და პრევენციის გზებზე ძალიან მცირე ინფორმაცია ჰქონდათ. შიდსის ეპიდემიამ წლების მანძილზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებას არაერთი ცნობილი ადამიანი ებრძოდა. დღეს სწორედ მათ ისტორიებს მოგიყვებით.

დავიწყოთ ფრედი მერკურით, რომელსაც შიდსის დიაგნოზი 1987 წელს დაუსვეს. აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმის გამო მომღერალი წლების მანძილზე ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა. თუმცა, 1991 წელს ძალა მოიკრიბა და შიდსთან ბრძოლის ისტორია საზოგადოებას გაუზიარა. საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს ფრედი მერკური გარდაიცვალა. თუმცა, მომღერლის თამამმა ნაბიჯმა შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა

შიდსთან მებრძოლ ვარსკვლავთა შორისაა ენტონი პერკინსი. მსახიობი, რომელმაც კინო სამყაროს არაერთი დასამახსოვრებელი როლი აჩუქა. დიაგნოზის შესახებ პერკინსმა 1980-იანი წლების ბოლოს შეიტყო. 2 წლის მანძილზე მსახიობი ამ ამბის დასამალად ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, შემდეგ დუმილის დარღვევა გადაწყვიტა. "ვაშინგტონ პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში პერკინსი ასეთ სიტყვებს ამბობდა: "ამ დიდი მოგზაურობის დროს უამრავ ადამიანს შევხვდი, რომელსაც მსგავსი დიაგნოზი ჰქონდა. მათთან ურთიერთობამ იმაზე მეტი რამ მასწავლა სიყვარულსა და თავგანწირვაზე, ვიდრე ჩემმა ჰოლივუდურმა ცხოვრებამ".

მოგიყვებით მსახიობ როკ ჰადსონზეც, რომელიც შიდსის დიაგნოზის შესახებ 1985 წელს ალაპარაკდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი განცხადებას არაერთი ცვლილების საწინდარი გახდა. საერთაშორისო მედიამ აქტიურად დაიწყო წერა შიდსის თემაზე, გაიზარდა იმ კვლევების დაფინანსება, რომელიც აივ-ინფექციას სწავლობდა, საზოგადოებაში არსებული სტიგმის დასაძლევად საინფორმაციო კამპანიები დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში როკ ჰადსონმა ასეთი სიტყვები თქვა- "იმედი მაქვს, ჩემი ისტორია ამ დიაგნოზით მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას შეცვლის". და ეს მართლაც ასე მოხდა. სწორედ ცნობილი ადამიანების საჯარო განცხადებები დაეხმარა მსოფლიოს უკეთ გაეგო რა არის აივ-შიდსი, როგორ ვრცელდება ის, რამდენად მნიშვნელოვანია მისი პრევენცია და ამ თემაზე სწორი ინფორმირება. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის მიზანიც სწორედ ესაა - მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ამ გლობალურ პრობლემას!