წითელ მოედანზე თავდაცვითი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტმა თავის დაწვა სცადა

მოსკოვი

74 წლის მამაკაცმა მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმთან თავის დაწვა სცადა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, პოლიციელებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს და მამაკაცი გადაარჩინეს.

მამაკაცი, რომელმაც საწვავი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა, ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ვოლნას“ პრეზიდენტი ვლადიმირ არსენიევი აღმოჩნდა. მან მცირე დამწვრობები მიიღო. არსენიევი ინციდენტის შემდეგ დაკითხეს.

ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ვოლნა“ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას, ამავე ტექნიკის შეკეთებას აწარმოებს და სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთების შესრულებაში მონაწილეობს.

არსენიევი გასული წლის განმავლობაში არაერთი სასამართლო პროცესის მონაწილე გახდა. პროცესებზე მისი ოპონენტი ამავე საწარმოს ერთ-ერთი აქციონერი, ყოფილი მთავარი ინსტრუქტორი სერგეი მოსიენკოა. მოსიენკო ამტკიცებდა, რომ არსენიევი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა) პირობებში მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა.