წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ მაშინ მივა, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ursula fon der laini

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აანონსებს.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ მაშინ მივა, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება.

„ჩვენ წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს, რომელიც მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებას და ვაჭრობას”, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი სანქციები მოიცავს იმპორტის აკრძალვას იმ მეტალებზე, ქიმიკატებსა და კრიტიკულ მინერალებზე, რომლებიც ჯერ სანქციების ქვეშ არ არის. გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენის თქმით, კიდევ უფრო შეიზღუდება ევროპიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ახალი სანქციების სიაში შევა 20-ზე მეტი რუსული რეგიონული ბანკი, ასევე  მოიცავს ღონისძიებებს კრიპტოვალუტებისა და სავაჭრო კომპანიების წინააღმდეგ.

სანქციების ძალაში შესვლისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთი თავისი ნავთობის ერთ მესამედზე მეტის ექსპორტს ინდოეთსა და ჩინეთში ახორციელებს. ამ პროცესში ევროკავშირის საზღვაო ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, კვიპროსისა და მალტის ფლოტები მონაწილეობენ. ახალი აკრძალვა ამ პროცესს შეაჩერებს.