ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

დონალ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

საქმე ეხება ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადახდილ 130 ათას დოლარს. სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში.

მოსამართლე ხუან მერჩანმა გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რათა შეისწავლოს დამატებითი მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევასთან და თუ როგორ იმოქმედებს ეს მისი გასამართლების შესაძლებლობაზე

მედიის ცნობით, მანამდე იგეგმებოდა, რომ ტრამპის განაჩენი 26 ნოემბერს გამოცხადდებოდა.

ცნობილია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადვოკატები საქმის დახურვას ითხოვენ, რადგანაც მოქმედი სახელმწიფოს მეთაურების სისხლის სამართლებრივი დევნა დაუშვებელია.

მანჰეტენის საოლქო პროკურატურა კი, რომელიც აღნიშნულ საქმეს აწარმოებს, სასამართლო პროცესის ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადების წინადადებით გამოდის.

ამასთან, ეს საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც ტრამპის განაჩენი, შეიძლებოდა, გამოცხადებულიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. დანარჩენ საქმეებზე ჯერ არსებითი განხილვაც კი არ დაწყებულა.