ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა, ჯორჯ კლუნის მეუღლეს აშშ-ში შესვლა აეკრძალოს

ტრამპი და კლუნები

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა, მომავალში ჯორჯ კლუნის მეუღლეს ამალ კლუნის შტატებში შესვლა აეკრძალოს - ინფორმაციას Fox News Financial Times დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანელი იურისტი ამალ კლუნი ჩართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეში, რომელიც ღაზაში ომის დანაშაულის საქმეზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს. კლუნის მიმართ შეზღუდვების საფუძველი შესაძლოა გახდეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს "მნიშვნელოვან შედეგებს" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მნიშვნელოვან შედეგებში კი იგულისხმება ქონების და აქტივების დაბლოკვა, ასევე, შტატებში შესვლის აკრძალვა.

ტრამპს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ არალეგიტიმური და უსაფუძვლო ქმედებები განახორციელა.

Financial Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსალოდნელი სანქციების შესახებ საქმეში მონაწილე იურისტები უკვე გააფრთხილა, მათ შორისაა, ამალ კლუნიც.