ტრამპის განცხადებით, თუ 50 დღის ვადაში პუტინთან შეთანხმება არ მიიღწევა, ვაშინგტონი მოსკოვს სანქციების ახალ პაკეტსა და ტარიფებს დაუწესებს

 ტრამპი

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში. უპილოტო საფრენი აპარატებით გვიან ღამით ოკუპანტების იერიშის შედეგად, ქალაქ ვინიცაში სულ მცირე 4 ადამიანია დაშავებული.

რუსულმა ძალებმა შეუტიეს ქალაქ ხარკოვსა და კრივოი-როგსაც. დრონებთან ერთად გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტაც. არიან დაჭრილები, მათ შორის არის 17 წლის მოზარდიც. შემთხვევის შედეგად, გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე არის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა.

უკრაინაში მიმდინარე 3-წლიან ომზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ 50 დღის ვადაში ვლადიმერ პუტინთან შეთანხმება არ მიიღწევა, ვაშინგტონი მოსკოვს სანქციების ახალ პაკეტსა და ტარიფებს დაუწესებს.

თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის მიმართ მოწოდებაც გაავრცელა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაარტყას, თუმცა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას, დაებომბა რუსეთის დედაქალაქი და სანქტ-პეტერბურგი.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შემდგარი დიალოგის თანახმად, ზელენსკიმ ტრამპს უპასუხა, რომ დაბომბვა შესაძლებელი იქნებოდა, თუ ამერიკა უკრაინას იარაღს მიაწვდის.

პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთის მიმართ განკუთვნილი ახალი სანქციების პაკეტის დამტკიცება ვერ შეძლო. ინიციატივას ვეტო სლოვაკეთმა დაადო. კაია კალასის განცხადებით, ბრატისლავა ბლოკავს ევროკავშირის სანქციების უახლეს პაკეტს მანამ, სანამ არ გადაიჭრება მისი შეშფოთება ევროკავშირის ცალკეულ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას ითვალისწინებს.