ტრამპი ყოფილ ადვოკატს უჩივის და 500 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს

ტრამპი

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივის და მისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.

ტრამპი კოენს მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით, მის საჯარო გამოსვლებში, წიგნებსა და პოდკასტებში ჰქონდა ადგილი. ამასთან, ყოფილ ადვოკატს ტრამპი კონტრაქტის პირობების დარღვევაშიც ადანაშაულებს.

თავის მხრივ, მაიკლ კოენის ადვოკატი დონალდ ტრამპს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შევიწროებასა და დაშინებაში ადანაშაულებს.

„ბატონი ტრამპი კვლავინდებურად იყენებს სასამართლო სისტემას და ბოროტად იყენებს მას, როგორც მაიკლ კოენის შევიწროებისა და დაშინების ფორმას“, - აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ დაცვის მხარე დარწმუნებულია, სარჩელი ფაქტების არარსებობის გამო ჩავარდნისთვის არის განწირული.