ტრამპი: თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება არ შედგება, მაშინ „ჰამასის“ წინააღმდეგ დაიწყება ისეთი ჯოჯოხეთი, როგორიც აქამდე არავის უნახავს

დონალდ ტრამპი

თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება არ შედგება, მაშინ „ჰამასის“ წინააღმდეგ დაიწყება ისეთი ჯოჯოხეთი, როგორიც აქამდე არავის უნახავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„შეთანხმება „ჰამასთან“ უნდა დაიდოს კვირას საღამოს 18:00 საათამდე, ვაშინგტონის დროით. ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი [ამ შეთანხმებას]! თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება არ შედგება, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისეთი ჯოჯოხეთი დაიწყება, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მაინც დამყარდება, ასე იქნება თუ ისე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა. გეგმის მიღების შემთხვევაში, ომი დაუყოვნებლივ შეწყდება და რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

გეგმის ძირითადი პირობები შემდეგია:

საომარი მოქმედებების შეწყვეტა: თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი მყისიერად დასრულდება, შეჩერდება ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა.

ღაზის სტატუსი: ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას.

მოსახლეობის თავისუფლება: არავინ იქნება იძულებული დატოვოს ღაზა, ხოლო ვისაც წასვლა სურს, შეეძლება ამის გაკეთება და თავისუფლად დაბრუნება.

ეკონომიკური აღდგენა: შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად.

მძევლების გათავისუფლება: ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა დარჩენილი მძევალი - ცოცხალი თუ გარდაცვლილი - უნდა დაბრუნდეს.

პატიმრების გაცვლა: ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს სამუდამო პატიმრობაში მყოფ 250 პატიმარს, ასევე 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულ 1,700 ღაზის მცხოვრებს.

მშვიდობიანი თანაარსებობა: აშშ შექმნის დიალოგის ფორმატს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რათა შეთანხმდნენ მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკურ ჰორიზონტზე.

საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები: აშშ იმუშავებს არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა შეიქმნას დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა ღაზაში დაუყოვნებლივ განლაგებისთვის.

ამნისტია „ჰამასის“ წევრებისთვის: „ჰამასის“ ის წევრები, რომლებიც მიიღებენ მშვიდობიანი თანაარსებობის ვალდებულებას და იარაღს დაყრიან, ამნისტიით ისარგებლებენ.

მმართველობა: „ჰამასი“ და სხვა დაჯგუფებები თანხმდებიან, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზის მმართველობაში, არც პირდაპირი, არც ირიბი ან რაიმე სხვა ფორმით.

ჰუმანიტარული დახმარება: დახმარების შესვლა და განაწილება გაეროს საშუალებით, ორივე მხარის ჩარევის გარეშე წარიმართება.