ტრამპი კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს მოუწოდებს, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას ხმა მისცენ

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს მოუწოდებს, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას ხმა მისცენ.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ფაილების გასაჯაროებას მხარს უჭერს, რადგან მას დასამალი არაფერი აქვს.

რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას უნდა მისცენ ხმა, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს. დროა, შევეშვათ „დემოკრატების“ ამ სიცრუეს, რომელიც რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა მოაწყვეს, რათა „რესპუბლიკური პარტიის“ დიდი წარმატებისგან, მათ შორის „დემოკრატების“ „შათდაუნზე“ ჩვენი ბოლოდროინდელი გამარჯვებისგან ყურადღების გადატანა შეძლონ. იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გადასცა საზოგადოებისთვის ათიათასობით გვერდი „ეპშტეინის“ შესახებ, განიხილავს სხვადასხვა დემოკრატ ოპერატიულ აგენტს და მათ ურთიერთობას ეპშტეინთან, ხოლო წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს შეუძლია, მიიღოს ყველაფერი, რაც კანონიერად ეკუთვნის… არავის აინტერესებდა ჯეფრი ეპშტეინი, როდესაც ის ცოცხალი იყო და დემოკრატებს რამე რომ ჰქონოდათ, ისინი ამას არჩევნებში ჩვენს დამაჯერებელ გამარჯვებამდე გაავრცელებდნენ.

მოდი, დავიწყოთ საუბარი რესპუბლიკური პარტიის რეკორდულ მიღწევებზე და არ ჩავვარდეთ ეპშტეინის „ხაფანგში“, რომელიც სინამდვილეში დემოკრატების წყევლაა და არა ჩვენი“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება“.

დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რაიმე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული.