ტრამპი ბაიდენის განცხადებაზე: ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა

ტრამპი-ბაიდენი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“ (MAGA) დღის წესრიგის მომხრეები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.

„ვინმემ უნდა აუხსნას ჯო ბაიდენს ნელა, მაგრამ ვნებიანად, რომ MAGA ნიშნავს - „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“. თუ მას არ სურს, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახდეს, მაშინ ის ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ გადავხედავთ ბაიდენის უხერხულ და გაბრაზებულ სიტყვით გამოსვლას, ის დაემუქრა ამერიკას, მათ შორის სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებით. ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის დღის წესრიგის მომხრეები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.

„[მოძრაობა] MAGA-ს ძალებს მტკიცედ გადაწყვეტილი აქვთ, ეს ქვეყანა უკან წაიყვანონ. ყველა „რესპუბლიკელი“, „რესპუბლიკელების“ უმრავლესობაც კი არ არის MAGA-ს რესპუბლიკელი. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ დღეს დომინირებენ დონალდ ტრამპი და MAGA-ს რესპუბლიკელები და ეს საფრთხეს წარმოადგენს [ჩვენი] ქვეყნისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.