ტრამპი აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერება „სავარაუდოდ, მოსალოდნელია“

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერება „სავარაუდოდ, მოსალოდნელია“.

ტრამპმა მომავალი დაფინანსების შეფერხებაში პასუხისმგებლობა დემოკრატებს დააკისრა, რომლებიც, მისი თქმით, უარს ამბობენ თავიანთი მოთხოვნების უკან წაღებაზე.

„არაფერია გარდაუვალი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს სავარაუდოდ, მოსალოდნელია. ვერ დავინახე, რომ მათ ოდნავ მაინც დათმეს რაიმე“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც „სიენენი“ წერს, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გუშინ, თეთრ სახლში კონგრესის დემოკრატ ლიდერებთან შეხვედრა ჩიხში შევიდა ჯანდაცვის სფეროში დემოკრატების მოთხოვნის გამო. დემოკრატი ლიდერები მოითხოვენ ჯანდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობის მუშაობის შენარჩუნების სანაცვლოდ. ტრამპი კი აცხადებს, რომ დემოკრატები ცდილობენ, „ჯანდაცვის მომსახურება არალეგალ მიგრანტებს მისცენ“.