ტოპ მოდელი ანოკ იაი 2024 წლის მოდის დაჯილდოებას ირონიულად გამოეხმაურა

model

 ლონდონში 2024 წლის მოდის დაჯილდოება გაიმართა. ყოველწლიური დაჯილდოება ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით იმართება. საღამოზე ბრიტანული და საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის წევრები, სხვადასხვა კატეგორიებში, გასული 12 თვის ლიდერებს ასახელებენ.

 2024 წლის დაჯილდოებაზე, “წლის ტოპ მოდელი” ჯილდო ამერიკელ მოდელს, ალექს კონსანის. გადაეცა. კონსანი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელმაც ხსენებული ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ალექსთან ერთად, ნომინირებულნი იყვნენ სამოდელო ინდუსტრიის ვარსკვლავები – ანოკ იაი და მონა თუგარდი.

 სამხრეთ სუდანელი ტოპ მოდელი, ანოკ იაი, რომელიც თანამედროვე პოდიუმის ერთ-ერთ უპირობო ლიდერად არის აღიარებული, გასულ წელსაც ნომინირებული იყო “წლის ტოპ მოდელის” კატეგორიაში, მაგრამ ბრიტანეთის მოდის საბჭომ ჯილდო პლუს ზომის მოდელ – პალომა ელსესერს გადასცა. შედეგად, პალომა ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პლუს ზომის მოდელი, რომელმაც ხსენებულ კატეგორიაში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მოდის საბჭოს გადაწყვეტილებას გასულ წელსაც წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა. ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი ამბობდა, რომ პალომას გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ “Body Positivity” მოძრაობის წახალისებას ემსახურებოდა. ინტერნეტში ვნებათაღელვამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ პამელა თავადაც გამოეხმაურა კრიტიკას და დაწერა: „მეგობრებო, მეც ანოკის გამარჯვება მსურდა.“

 მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო კამპანიების, ჟურნალების, ჩვენებებისა თუ სხვა კულტურული მომენტებით, ალექს კონსანისთვის 2024 ბევრად წარმატებული წელი იყო, ვიდრე პალომასთვის – 2023, ბრიტანეთის მოდის საბჭოს გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ ანოკი, ზედიზედ მეორედ, ჯილდოს გარეშე, კამათი მაინც გამოიწვია.

 დაჯილდოების შემდეგ, ანოკმა ინსტაგრამის სთორიში 2009 წლის VMAs-ის დაჯილდოებიდან კანიე ვესტის ფოტო გამოაქვეყნა. კონტექსტის უკეთ აღსაქმელად გეტყვით, რომ სწორედ 2009 წლის VMAs-ის დაჯილდოებაზე მოხდა ცნობილი ინცინდენტი კანიესა და ტეილორ სვიფტს შორის, როდესაც ვესტმა ტეილორის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, სვიფტს მიკროფონი წაართვა და აღნიშნა, რომ ჯილდოს ბიონსე იმსახურებდა.