1772649900
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპს ჰქონდა შეგრძნება, რომელიც ფაქტებს ეფუძნებოდა, რომ ირანი ამერიკულ ობიექტებზე დარტყმას აპირებდა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰქონდა შეგრძნება, რომელიც ფაქტებს ეფუძნებოდა, რომ ირანი ამერიკულ ობიექტებზე დარტყმას აპირებდა.
„პრეზიდენტი არ აპირებდა ყოფილიყო კიდევ ერთი პრეზიდენტი იმ ძალიან გრძელ სიაში, ვინც გულხელდაკრეფილი იჯდა, პროცესებს გვერდიდან აკვირდებოდა და პირდაპირ საფრთხეზე პასუხისმგებლობას მომავალ ადმინისტრაციას გადააბარებდა“, - განაცხადა ლევიტმა.
„პრეზიდენტს ჰქონდა შეგრძნება, რომელიც კვლავაც ფაქტებზე იყო დაფუძნებული, რომ ირანი აპირებდა შეერთებულ შტატებზე დარტყმას, აპირებდა რეგიონში ჩვენს ობიექტებზე თავდასხმას. მან ყველა ამ მიზეზზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ოპერაციის დაწყების შესახებ“, - დასძინა მან.
როგორც CNN აღნიშნავს, გასულ უქმეებზე განხორციელებული დარტყმების პირველი ტალღის შემდეგ, ტრამპმა აშშ-ის მიმართ „გარდაუვალ საფრთხეზე“ მიუთითა - თუმცა, ეს მტკიცებულებები მოგვიანებით პენტაგონის მიერ კაპიტოლიუმისთვის ჩატარებულ ბრიფინგებზე უარყოფილი იყო. ბრიფინგებზე აღინიშნა, რომ ირანი არ გეგმავდა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე ან ბაზებზე თავდასხმას, თუ ისრაელი პირველი არ დაესხმებოდა თავს ირანს.












