„ტელეგრაფი“ - ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების შემდეგ, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავენ

ტელეგრაფი

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განიხილავენ ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში სამშვიდობო მისიის სახით, ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების შემდეგ.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ მიდგომას და უკვე განიხილა იგი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან.

მედიის ცნობით, წინადადება გაჩნდა მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის ზეწოლის ფონზე, რომელიც ითხოვს სამშვიდობო შეთანხმებას კიევსა და მოსკოვს შორის. ვაშინგტონში, ლონდონსა და პარიზში სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. კერძოდ, ერთი იდეაა დასავლური ჯარების განთავსება უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვრის გასწვრივ, რათა შეიქმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონა.