თეირანი ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს უარყოფს და აშშ-ის ბაზების დახურვას ითხოვს

თეირანი

ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას არასდროს გააფორმებს. ირანის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რეგიონზე გავლენის მოხდენას ვეღარ შეძლებს.

"თქვენი შიდა კონფლიქტები იმ დონემდე მივიდა, რომ უკვე საკუთარ თავთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის, "ხათამ ალ-ანბიას" წარმომადგენელმა, რომელიც ომის დროს ირანის არმიის ოპერატიულ მართვას ახორციელებს.

მანამდე მედია იუწყებოდა, რომ აშშ-მა ირანს ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმასა და გამდიდრებული ურანის გადაცემას ითვალისწინებდა. თავის მხრივ, თეირანს საკუთარი მოთხოვნები აქვს: რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვა, თავდასხმებისთვის ფულადი კომპენსაცია და სანქციების სრული გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ მხარეებს შორის გამართულ კონსულტაციებს "პროდუქტიული" უწოდა, თუმცა ირანული მხარე მოლაპარაკებების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.