შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები - რას ამბობენ ადგილობრივები

ლენტა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობებით, ბრალდებული შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა და, წინასწარი ინფორმაციით, თვითდაზიანებებიც მიიყენა.

ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი დიდ დროს ატარებდა კომპიუტერთან და აქტიურად თამაშობდა კომპიუტერულ თამაშებს. სამართალდამცველებმა ამოიღეს მისი კომპიუტერული მოწყობილობა და ტელეფონი, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

დაკავებულის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი თითქმის მუდმივად კომპიუტერთან იყო, თუმცა რა ტიპის თამაშებს თამაშობდა, მისთვის უცნობია. მისი თქმით, დანაშაულის შემდეგ ახალგაზრდა ტყეში გაიქცა, სადაც სამართალდამცველებმა იპოვეს – მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი ტანსაცმელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ, 1968 წელს დაბადებულ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.