ტბა აფრიკაში, რომელსაც არამიწიერი წარმომავლობა აქვს

ტბა

აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე განას რესპუბლიკაში უჩვეულო ტბაა, რომელსაც ბოსუმტვი ეწოდება. გარშემო არსებული ლანდშაფტის ფონზე ის მართლაც უცნაურად გამოიყურება, რაც გასაკვირი არაა, თუკი მის ისტორიას გავითვალისწინებთ.

საქმე ისაა, რომ განას ერთადერთი ბუნებრივი ტბა არამიწიერი წარმავლობისაა, ანუ მის ჩამოყალიბებაში კოსმოსური პროცესების წვლილი დიდია. კერძოდ, მილიონზე მეტი წლის წინ ამ ადგილზე მეტეორი ჩამოვარდა და შეჯახების არეალში კრატერის ფორმირება გამოიწვია. ეს ღრმული წყლით აივსო და ისეთი სახე მიიღო, როგორსაც დღეს ვხედავთ.

ბოსუმტვის ტბის დიამეტრი 10.5 კილომეტრია და ის განას რესპუბლიკის აშანტის ე.წ. ოქროს სარტყელშია განლაგებული - რეგიონში, რომელიც მინერალებითაა მდიდარი. შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ღრმული მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახულ და ამ ზომით კატეგორიაში ყველაზე გვიანდელ კრატერად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ დედამიწაზე არსებული ასეთი კრატერებიდან (სულ 190-ია) ტბა მხოლოდ რამდენიმეშია გაჩენილი. შესაბამისად, ბოსუმტვი განსაკუთრებულია.

1930-იან წლებში მეცნიერებმა მსჯელობა დაიწყეს იმაზე, თუ რამდენად უკავშირდება ამ ტბის ფორმირება მეტეორიტის ჩამოვარდნას. სხვა ვარაუდი იყო, რომ იგი ვულკანური ამოფრქვევის ან ტექტონიკური პროცესების შედეგად გაჩნდა. 1960-იანი წლებისთვის პირველი მოსაზრების მართებულობა მრავალი კვლევით დადასტურდა.

იქ დარტყმითი ძალით გამოწვეული გეოლოგიური ცვლილებები და ისეთი მინერალები დაფიქსირდა, რომლებით მხოლოდ ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში წარმოიქმნება. აქედან დაასკვნეს, რომ 1.07 მილიონი წლის წინ ამ ადგილზე მაღალი ენერგიის მქონე ობიექტი დაეცა, რომელსაც საკმაოდ დიდი ზომა ჰქონდა. გეოქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ის რკინით მდიდარი და დაახლოებით 100 000 000 ტონა მასის იყო.

კოსმოსის რომელი რეგიონიდან მოხვდა ის დედამიწაზე, უცნობია. სამაგიეროდ ვიცით, რომ ასეთი შეჯახება ატმოსფეროში მტვრის უზარმაზარ მასებს გატყორცნიდა, მზეს დააბნელებდა და გლობალურ ტემპერატურასაც დროებით შეამცირებდა. ამის მიუხედავად, მსგავსი მოვლენების გეოლოგიური კვალი არსადაა.

ეს ტბა ადგილობრივებისთვის წყლის რესურსის მხრივ მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიზნით მას აქტიურად იყენებენ. თავად რეგიონში ეკოლოგიური კრიზისია, რადგან გაუტყეურება და წიაღისეულის მოპოვება ლანდშაფტს აზიანებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.