სუდანში მყოფი ჩვენი 13 თანამშრომელი ამჟამად უსაფრთხო ზონაშია - Myway Airlines

სუდანი

ავიაკომპანია Myway Airlines-ის განცხადებით, ამჟამად სუდანში მათი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში არიან.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ სუდანში მიმდინარე მოვლენებს და შეგატყობინოთ სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის თაობაზე.

სამსახურებრივი მივლინებით სუდანში იმყოფება ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსის 13 თანამშრომელი (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი). გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია ჯეო სქაიდან, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსსა და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსის სუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან მდებარე „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბაზაზე. დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი.

შეგახსენებთ, ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურ გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელ მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.
 

ასევე ნახეთ:

სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

რას ამბობენ სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ახლობლები