ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა სუდანში მყოფი ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს

სუდანი

ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა სუდანში მყოფი ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნაბილა მასრალის თქმით, ამჟამად სუდანში სავარაუდოდ ევროკავშირის რამდენიმე ასეული მოქალაქე რჩება და ევროკავშირი მუშაობს წევრ სახელმწიფოებთან, რათა მათი უსაფრთხოება დაცული იყოს.

ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირის გზავნილი უკიდურესად მკაფიოა. ძალადობა უნდა შეწყდეს, უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი დაცული იყოს და მოქალაქეები, მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს უსაფრთხოდ. ყოველდღიური ჰუმანიტარული პაუზა აუცილებელია სუდანელი და უცხო ქვეყნების მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის და ჩვენ ვაბრუნებთ პოლიტიკურ პროცესს საჭირო კალაპოტში. ყველა ძალისხმევა მისასალმებლია, რომელიც მიმართულია დიალოგისა და შუამავლობის გზების მოძიებისკენ. ცხადია, ჩვენ მოვუწოდებთ გარე ძალებს, თავი შეიკავონ ჩარევისგან“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, 600-ზე მეტი კი, დაშავებულია.