ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს
1766079007
ინდოეთის ხელისუფლებამ გამოავლინა საერთაშორისო კიბერთაღლითობის ქსელი, რომელიც საზღვარგარეთიდან მოქმედებდა და რაჯასტანის შტატის მაცხოვრებლების ასობით საბანკო ანგარიშს იყენებდა უკანონო თანხების გასათეთრებლად.
გამომძიებლების თქმით, დუბაიში და საქართველოში დაფუძნებულმა ქსელმა, კერძო ბანკის თანამშრომლის დახმარებით, ინდოეთში გახსნილი, მინიმუმ 450 საბანკო ანგარიშიდან, დაახლოებით 19 მილიონი დოლარი მიითვისა.
რაჯასტანის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფის მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით Cyber Hunt (კიბერნადირობა). ორი მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს გუჯარათში, პოლიციის თქმით, ორივე მათგანი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.
ჩინოვნიკებმა საქმე აღწერეს, როგორც რეგიონში აღმოჩენილი "საბანკო თაღლითობის" ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მაგალითი.
გამომძიებლების თქმით, თაღლითობა დისტანციურად დუბაიდან და საქართველოდან იყო ორგანიზებული. ინდური საბანკო ანგარიშები გამოიყენებოდა საინვესტიციო და ციფრული თაღლითობიდან მიღებული თანხების სატრანზიტო საშუალებად.
პოლიციის თქმით, დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა აღიარეს, რომ თითქმის 450 საბანკო ანგარიში გააქირავეს საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის. დიდი თანხები სწრაფად გადაადგილდებოდა ამ ანგარიშების მეშვეობით, ხშირად რამდენიმე წუთში, გამოვლენის თავიდან ასაცილებლად და ფინანსური თვალთვალის მცდელობების ჩაშლის მიზნით.
"ანგარიშები მხოლოდ არხების ფუნქციას ასრულებდა. ფული შემოდიოდა და თითქმის მაშინვე გადიოდა ამ ანგარიშებიდან", - თქვა გამოძიებაში ჩართულმა პოლიციის უფროსმა ოფიცერმა.
ერთ-ერთი ბრალდებული, კაუშალ კუმჰარი, საქორწილო დარბაზში, გუჯარათის დაჰოდის რაიონის ქალაქ ლიმდისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ მიიღო ინფორმაცია მისი იქ ყოფნის შესახებ. სამართალდამცველები შენიღბვის მიზნით, ქორწილში სტუმრის სტატუსით, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები მივიდნენ, ეჭვმიტანილის ვინაობის დადასტურებისთანავე კი ის ცერემონიაზე დააკავეს.
გამომძიების ინფორმაციით, კაუშალ კუმჰარი კერძო ბანკში მუშაობდა და თავის თანამდებობას დიდი რაოდენობით საბანკო ანგარიშების გასახსნელად იყენებდა. დროებითი ჯიხურები და ბანერები განათავსეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მოქალაქეებს არწმუნებდნენ საბანკო ანგარიშების გახსნის შემდეგ სახელმწიფოსგან შეღავათებს ან ფინანსურ დახმარებას მიიღებდნენ.
ანგარიშის მფლობელთა უმეტესობა ღარიბი მუშები, უმუშევარი ახალგაზრდები და სტუდენტები იყვნენ. მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ცრუ საბაბით იყო გამოყენებული, რეალურად კი ბანკომატის ბარათებს და შესაბამის საბანკო წიგნაკს ბრალდებულები განკარგავდნენ.
"ანგარიშის მფლობელებს არ ჰქონდათ კონტროლი საკუთარ ანგარიშებზე. ყველა ტრანზაქცია დისტანციურად იმართებოდა", - განაცხადა პოლიციამ.
პოლიციის თქმით, ანგარიშებს დუბაიდან იყენებდა სამი უცხოელი ოპერატორი, ხოლო საქართველოში კიდევ ერთი მთავარი ოპერატორი იყო აქტიური, რომელიც კოორდინაციას უწევდა სახსრების მოძრაობას იურისდიქციებს შორის.