სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიას დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიას დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 13 აპრილს, 22:20 საათზე ცეცხლი გაუხსნეს სიუნიქის ოლქის დასახლებულ პუნქტ ხნაცახს, რის შედეგადაც სოფლის კულტურის ცენტრი დაზიანდა.

ერევანში აცხადებენ, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს, გამოიძიოს ხნაცახის კულტურის სახლის მიმართ სროლის საქმე და წარადგინოს საჯარო ახსნა-განმარტება. შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა წამოაყენა წინადადება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად სომხურ-აზერბაიჯანული ერთობლივი მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელზეც აზერბაიჯანს ჯერ არ უპასუხია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო არ გამოხმაურებია.