სლოვაკეთი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს

სოცქსელები

სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. ხელისუფლების განცხადებით, მიზანი ბავშვებში დამოკიდებულების და სოციალური ზეწოლის რისკების შემცირებაა.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელების ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ, პლატფორმებს კი მომხმარებლის ასაკის დადასტურების მოთხოვნა მოუწევთ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინიციატივა ონლაინ ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების მზარდი გავლენით არის განპირობებული. სლოვაკეთის მთავრობის შეფასებით, ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ალგორითმების მიერ შეთავაზებული კონტენტის, სოციალური ზეწოლისა და მანიპულაციური პრაქტიკის მიმართ. ასევე, იზრდება დამოკიდებულების, დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის საფრთხე.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა სოციალური ქსელების გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების გეგმები, ზოგიერთ ქვეყანაში კი არასრულწლოვნებისთვის ანგარიშის შექმნა მშობლის თანხმობას მოითხოვს.