1776620995
სკარლეტ იოჰანსონი OpenAI-ის უჩივის: მიზეზი მისი და ჩეტბოტის ხმის მსგავსებაა
სკარლეტ იოჰანსონი OpenAI-ის უჩივის: მიზეზი მისი და ჩეტბოტის ხმის მსგავსებაა. გასულ პერიოდში კომპანიამ ChatGPT-ის ახალი ფუნქცია, სახელწოდებით Sky წარუდგინა, რომელსაც მომხმარებლისთვის პასუხის გახმოვანებით წაკითხვა შეუძლია. როგორც იოჰანსონი ამბობს, მოდელი მისი ხმის, ფაქტობრივად, ანალოგია, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევად უნდა მივიჩნიოთ.
მსახიობი განმარტავს, რომ OpenAI-ს ხელმძღვანელი, სემ ოლტმენი მას პირველად გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა და თანამშრომლობა სთხოვა. იოჰანსონმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ Sky-ში მსახიობის ხმა არ გამოეყენებინა. მსახიობთან კოლაბორაციის იდეას ხელი 2013 წელს გამოსულმა ფილმმა, სახელწოდებით Her შეუწყო. მასში ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟს ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი უყვარდება. მოწყობილობის ხმას ფილმში სწორედ სკარლეტ იოჰანსონი ახმოვანებს.
ბოლოდროინდელი ცნობებით, OpenAI-მ Sky-ის განვითარებაზე მუშაობა ამ ეტაპზე შეაჩერა. იოჰანსონის წუხილს საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა. მათი აზრით, ნებართვის გარეშე მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაუშვებელია. კომპანია ბრალდებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ პასუხობს, თუმცა მათ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ვკითხულობთ, რომ "მიზანი იოჰანსონის ხმის გამიზნული იმიტაცია არ ყოფილა".












