შეყვარებულის 103-ჯერ გაუპატიურების ფაქტზე, გერმანიაში სასამართლო პროცესები დაიწყო - „კაცი ქალს საძილე აბებით თიშავდა“

პორნოვარსკვლავი

გერმანიაში 39 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ყოფილი შეყვარებულის მრავალჯერად გაუპატიურებასა და წლების განმავლობაში მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულების ნაწილი მამაკაცმა ვიდეოზეც გადაიღო.

როგორც Die Zeit dpa-ზე დაყრდნობით წერს, სავარაუდო დანაშაულები 2021 წლის ნოემბრიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში, ჰანოვერის რეგიონში, რონენბერგში მოხდა, სადაც ბრალდებული ყოფილ შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა.

საქმის მასალების თანახმად, მამაკაცი ქალს საძილე საშუალებებს აძლევდა, რის შემდეგაც, გამომძიებლების ვერსიით, მასზე სექსუალურად ძალადობდა. გამოძიება მას ყოფილი პარტნიორის 103-ჯერ გაუპატიურებას ედავება.

გამომძიებლების განცხადებით, ბრალდებულმა ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი ვიდეოზე გადაიღო. მათი ინფორმაციით, ჩანაწერების ნაწილი მან სხვა პირებს გაუგზავნა და ზოგიერთი მათგანი ინტერნეტპლატფორმებზეც ატვირთა.

ქალის ინფორმაციით, რომელსაც საქმის მასალებში ეყრდნობიან, ის წლების განმავლობაში არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მისი მონაწილეობით გადაღებული ჩანაწერები სხვებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სასამართლო პროცესი ჰანოვერის საოლქო სასამართლოში 10 სექტემბერს დაიწყო. პირველივე სხდომაზე ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და დუმილის უფლება გამოიყენა.

მამაკაცის ბრალეულობა ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.

საქმემ გერმანიაში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისი მსგავსების გამო საფრანგეთში გახმაურებულ ჟიზელ პელიკოს საქმესთან. გერმანელი გამომძიებლების განცხადებით, ამ საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი და საფრანგეთში მიმდინარე პროცესის ფართო გაშუქება გერმანიაში დაწყებულ გამოძიებაზეც გარკვეულ გავლენას ახდენდა.

ჟიზელ პელიკოს ყოფილი მეუღლე, დომინიკ პელიკო, წლების განმავლობაში ცოლს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა და სხვა მამაკაცებს მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევდა.

დომინიკ პელიკოს 2024 წლის დეკემბერში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.