შექმნეს მასალა, რომელიც მზის სხივებს თითქმის სრულად ირეკლავს და შენობებს აგრილებს

შენობები

ზაფხულის თვეებში შენობების გაგრილება ადამიანების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა სიცხის ტალღები სულ უფრო ხშირი ხდება. სწორედ ამიტომ, ბევრი მკვლევარი მუშაობს იმაზე, რომ შენობები კონდიციონერის გარეშე გააგრილონ.

ერთ-ერთი ახალი მიდგომა ბიოპლასტმასას გამოყენებაა, რომელიც ტემპერატურას საკმაოდ ამცირებს. ეს მასალა შენობაზე თხელ ფენად განთავსდება და მზის სხივებს 98.7%-ით აირეკლავს. ის დამზადებულია პოლილაქტური მჟავისგან (PLA), რომელიც მცენარეული ბიოპლასტმასაა.

„ჩვენი ინოვაცია კონდიციონერის მოსახერხებელი ალტერნატივაა, რომელიც ნახშირორჟანგის ემისიებს სერიოზულად ზრდის", - განაცხადა წამყვანმა ავტორმა, იანგჭე ხოუმ - „მასალა მზის თითქმის მთელ გამოსხივებას არა მხოლოდ ირეკლავს, არამედ შენობის შიდა სითბოს საშუალებას აძლევს, პირდაპირ კოსმოსში გავიდეს. შედეგად, შენობა ცივი რჩება, თუნდაც მზის ქვეშ".

აღსანიშნავია, რომ ამ ბიოპლასტმასას გაგრილების სისტემა სხვა ინოვაციას, "მსოფლიოს ყველაზე თეთრ საღებავს", ჰგავს. ის მზის სხივების 98.1%-ს ირეკლავს და ზედაპირის ტემპერატურას 4.4°C-ით ამცირებს. ასეთი პასიური გაგრილების ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს. ისინი სიცხისგან ელექტროენერგიის მოხმარების გარეშე დაგვიცავს. 

ლაბორატორიის მიღმა ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მასალამ დღისით ტემპერატურის საშუალოდ 4.9°C-ით და ღამით 5.1°C-ით შემცირება შეძლო. მას მაღალი სტაბილურობაც აქვს. გაგრილების უნარი 120-საათიანი შემოწმებისას შეინარჩუნა, ტემპერატურა კი 6.5°C-ით შეამცირა.

სიმულაციებმა აჩვენა, რომ ასეთი მასალის გამოყენება კონდიციონერის მოხმარებას 20.3%-ით შეამცირებს.

„სხვადასხვა გაგრილების ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ეს მასალა არც ელექტროენერგიას და არც მექანიკურ სისტემებს არ საჭიროებს", - ამბობს თანაავტორი, დოქტორი სიენხუა ლიოუ - „დღევანდელი პასიური გაგრილების სისტემების უმეტესობა ნავთობზე დაფუძნებულ პოლიმერებს ან კერამიკას იყენებს. ეს გარემოსთვის საზიანოა. ჩვენ ბიოდეგრადირებად PLA-ს ვიყენებთ, რომელიც მზის მაღალი ამრეკლობით გამორჩეულ ეკომეგობრულ ალტერნატივას გვთავაზობს. ის ასევე საკმაოდ მდგრადია".