თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ევაკუირებულია 50 000 ადამიანი

ტყის ხანძარი თურქეთში

თურქეთში რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ იზმირის, ბილეჯიკისა და ჰათაის პროვინციების ქალაქების მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც ტყის ხანძრები მძვინვარებს, 50 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

მისივე თქმით, ბილეჯიკის რაიონში დაზიანებულია 64 სახლი, 20 შენობა, ხოლო იზმირის რაიონში – 132 სახლი. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაჰმა განაცხადა, რომ გუშინ თურქეთში ხანძრის 29 კერა დაფიქსირდა, რომელთაგან ცხრა სერიოზული იყო.

სიცხისა და ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სწრაფად გავრცელდა ტყიან ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. იზმირის მახლობლად მდებარე აეროპორტი დროებით დაიხურა. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩმა განაცხადა, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც იზმირის მახლობლად, ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაშია ეჭვმიტანილი.