სერბეთის რამდენიმე ქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

სერბეთი

სერბეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობები გაიმართა. „ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, დემონსტრაციების მონაწილეები სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მოქალაქეები ქალაქ ნოვი სადში მომხდარი ტრაგედიიდან 11 თვის შემდეგ შეიკრიბნენ.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსვლელობის მონაწილეებმა ნოვი სადში დაღუპულთა ხსოვნას მდუმარედ მიაგეს პატივი. თავად ქალაქ ნოვი სადში ათასობით მოქალაქე ქუჩებში შეიკრიბა, მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა. გავრცელებული ცნობით, აქციებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ცნობისთვის, 11 თვის წინ ამ ქალაქში სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. ამ ტრაგედიამ სერბეთში ანტისამთავრობო აქციების ტალღა გამოიწვია. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნოვი სადში მომხდარი ტრაგედია მთავრობის დაუდევრობისა და სერბეთის ხელისუფლებაში არსებული კორუფციის გამო მოხდა.

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ბოლო თვეებში ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მოძრაობის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა აქციები, დააკავა დემონსტრანტები. ათობით ადამიანმა ფინანსური თუ სხვა სახის ზეწოლის შესახებ განაცხადა.