„სასოწარკვეთილი დიასახლისები" ეკრანებზე ბრუნდებიან - ყველაფერი, რაც ვიცით

"სასოწარკვეთილი დიასახლისები"

 ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სერიალია სასოწარკვეთილი დიასახლისები, რომელიც ვისტერია ლეინზე — გლიცინიების ქუჩაზე — მცხოვრები ოთხი მეგობრის, გაბრიელის, ლინეტის, ბრისა და სიუზენის ცხოვრებაზე გვიამბობს. ამ კომიკური, ჩახლართული, ადამიანური სირთულეებითა და საპნის ოპერის მსგავსი იუმორით გაჯერებული სერიალის სიუჟეტი მაშინ იწყება, როცა გლიცინიების ქუჩაზე მცხოვრები მერის ელის იანგი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და თავის მეზობლებს დიდ თავსატეხს უჩენს.

სერიალი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი ჰყავს, მალე ახალ სათავეს აიღებს - დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომელსაც სასოწარკვეთილი დიასახლისების საცხოვრებლის პატივსაცემად Wisteria Lane ჰქვია. 

გამოცემა Deadline-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, სერიალი, სასოწარკვეთილი დიასახლისების მსგავსად, ხუთ მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალურ, უპრობლემო გლიცინიების ქუჩაზე ცხოვრობენ. ზედაპირულად მათი ცხოვრება საოცნებოა: ლამაზი სახლები, ჰარმონიული ოჯახები და ავტოფარეხებში დაყენებული ბრწყინვალე მანქანები, თუმცა ამ მოღიმარი სახეების უკან დიდი საიდუმლოები ინახება.

სერიალის სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ნატალი ჩაიდეზი იქნება. მასთან ერთად მუშაობენ ცნობილი მსახიობი კერი ვაშინგტონი და პილარ სავონი. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი სერიალში თავადაც გამოჩნდება.

სერიალს კომპანია Onyx Collective იღებს 20th TV-სა და ABC Signature-თან ერთად.

სასოწარკვეთილი დიასახლისების შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი მარკ ჩერი ახალი პროექტის წარდგენაში არ მონაწილეობდა, თუმცა, წყაროების ინფორმაციით, ის საქმის კურსშია და შესაძლოა, სერიალის შექმნაში გარკვეული ფორმატით ჩაერთოს.