ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება ოქროსთან და სხვა ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით
1770497225
ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევის "რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის განვითარების" ("Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda") დოკუმენტი საქართველოს "შუა დერეფნის" (TCTC) უალტერნატივო ღერძად განიხილავს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
თითქმის 80-გვერდიან დოკუმენტში განხილულია სატრანსპორტო, სავაჭრო, ენერგეტიკული, ციფრულ სექტორები და ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა და პოტენციალი.
ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევის თანახმად, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად არის მოაზრებული. ამასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დასახელებულია სტრატეგიულ პრიორიტეტად TEN-T გაფართოების ფარგლებში. აქცენტი კეთდება მის სრულ ინტეგრაციაზე სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებთან.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეკომენდებულია ინფრასტრუქტურული "საცობების" მოხსნა, მათ შორის მდინარე რიონზე ახალი ხიდის მშენებლობა და მისასვლელი გზების მოდერნიზაცია. აქცენტი კეთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზეც - ჩუმათელეთი-არგვეთისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთების დასრულება კრიტიკულ პრიორიტეტადაა მიჩნეული. ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რეკომენდებულია ევროპული მართვის სისტემის (ERTMS) დანერგვა და მოძრავი შემადგენლობის (ლოკომოტივების) განახლება.
კიდევ ერთ რეკომენდაციადაა მონიშნული ბაქო-თბილისი-ყარსი - ახალქალაქის სადგურზე ტვირთების გადამუშავების ავტომატიზაცია დერეფნის სისწრაფის მოსამატებლად. აქცენტი კეთდება ლოჯისტიკურ ჰაბებზეც - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქუთაისსა და თბილისში (ყუმისი) თანამედროვე ცენტრების განვითარება იგეგმება, რაც ტვირთების ეფექტურ განაწილებას უზრუნველყოფს.
ამასთან, ვრცლადაა მიმოხილული ციფრული სექტორი და დაკავშირებადობა. ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად ყალიბდება, რომელიც მონაცემთა უსაფრთხო და სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს. ამასთან, აღნიშნულია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი (BSSC) - ფლაგმანური პროექტი (ბიუჯეტი 70-90€მლნ მხოლოდ ციფრული ნაწილისთვის), რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოს რუმინეთთან. კვლევაში აღნიშნულია Digital Silk Way-ს მნიშვნელობაც, რაც გულისხმობს აზია-ევროპის დასაკავშირებლად კასპიისა და შავი ზღვის ქვეშ კაბელების გაყვანას.
კვლევაში ცალკე თავადაა მონიშნული IXP და ქეშირების ჰაბები - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში ინტერნეტის გაცვლის წერტილების (IXP) შექმნა, რათა მონაცემთა ტრაფიკი რეგიონში დარჩეს, გააუმჯობესებს ხარისხს და ხარჯებს შეამცირებს. ამასთან, ხაზგასმულია სოფლად ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ციფრული უნარების განვითარების მნიშვნელობა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და "მწვანე" ენერგიის ექსპორტი ევროკავშირისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის მთავარი მოტივატორია. ასევე, ენერგო-დერეფანზე საუბრისას, აღნიშნულია, რომ შავი ზღვის კაბელი განიხილება, როგორც ელექტროენერგიის გადაცემის მთავარი გზა.
კვლევის ავტორები განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ საქართველოს პოტენციალი მწვანე წყალბადის წარმოებასა და ექსპორტში, ევროპის დეკარბონიზაციას შეუწყობს ხელს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ინფრასტრუქტურის ეფექტურობისთვის აუცილებელია ევროპულ სტანდარტებთან საკანონმდებლო და ტექნიკური თავსებადობა. ავტორები ხაზს უსვამენ ციფრული საბაჟოს მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ NCTS და SEED სისტემების სრული დანერგვა ევროკავშირთან მონაცემთა ავტომატური გაცვლისთვის აუცილებელია. ამასთან, მნიშვნელოვან პუნქტადაა მონიშნული პორტების გაციფრულება - Port Community System (PCS) - ერთიანი პლატფორმა პორტის, საბაჟოსა და რკინიგზის მონაცემთა სინქრონიზაციისთვის. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დოკუმენტში აქცენტი კეთდება, არის კიბერუსაფრთხოება - ხაზგასმულია ევროკავშირის სტანდარტების (მაგ. GDPR, 5G Security Toolbox) დანერგვის საჭიროება "სანდო მომწოდებლების" ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევის "რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის განვითარების" დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიისთვის საქართველო "შუა დერეფანია - "კარიბჭე" და რეგიონული ენერგეტიკული, თუ ციფრული ჰაბი. ამავე დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობის სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება.