„სამსახურს ვეძებ, უსახლკარო ვარ“ – 66 წლის კევინს სპეისის ინტერვიუ

კევინ სპეისი

მსახიობმა, კევინ სპეისმა, რომელსაც რამდენიმე მამაკაცი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, განაცხადა, რომ სკანდალის შემდეგ ის უსახლკაროდ დარჩა.

66 წლის მსახიობის თქმით, ახლა მას ძლივს ჰყოფნის სახსრები ყოველდღიური საჭიროებისთვის და ხშირად ცხოვრობს სასტუმროებში, ან იჯარით იღებს ბინებს Airbnb-ის საშუალებით.

„ვქირაობ ბინებს, ვმუშაობ იქ, სადაც შესაძლებლობა მაქვს. ფაქტობრივად უსახლკარო ვარ. ჩემმა ხარჯებმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია, ხოლო შემოსავალი, თითქმის ნულს გაუტოლდა. ახლა ისევ ვეძებ ნებისმიერ სამუშაოს. ჩემი ნივთები საწყობშია შენახული. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და ახალი ცხოვრების დაწყებას შევძლებ“, – განაცხადა მსახიობმა.

ცნობისთვის, სპეისის წინააღმდეგ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაახლოებით 20 ადამიანმა შეიტანა სარჩელი. მათ შორის სერიალ, House of Cards-ის მსახიობებმა. ბრალდება არ დადასტურდა, თუმცა სკანდალმა მსახიობის კარიერა სრულად გაანადგურა.