სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საპასუხოდ, უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება განიხილონ

სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის არსებული სამხედრო შეთანხმება თუ გაგრძელდება, სამხრეთ კორეა მტკიცედ იმოქმედებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, კიმ ტაე-ჰიომ განაცხადა.

სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სეული საპასუხოდ ეტაპობრივ ნაბიჯებს განახორციელებს, რაც შეესაბამება რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგების შემდეგ.

კიმ ტაე-ჰიომ ფხენიანი კრიმინალური ორგანიზაციის მსგავს მოქმედებაში დაადანაშაულა, რომელიც აგზავნის ახალგაზრდა ჩრდილოეთკორეელებს რუსეთში საბრძოლველად. სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საპასუხოდ, უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება განიხილონ.

„სამხრეთ კორეის მთავრობა მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეას რუსეთში ჯარების განლაგების გამო. გარდა იმისა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიის მხარდასაჭერად დიდი რაოდენობით სამხედრო იარაღი მიეწოდება, ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნა წარმოადგენს უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეს არა მხოლოდ სამხრეთ კორეისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ის უხეშად არღვევს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც კრძალავს ყოველგვარ სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან“, – განაცხადა კიმ ტაე-ჰიომ.