სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის მისამართით, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სადავო საზღვარი გადაკვეთა, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს

სავაჭრო გემი

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის მისამართით, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სადავო საზღვარი გადაკვეთა, გასროლა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გემმა ჩრდილოეთის სასაზღვრო ხაზი გადაკვეთა სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულ ბენგნიონგთან დაახლოებით დილის 5 საათზე, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს აუდიოგაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

ჯერჯერობით უცნობია, გახსნეს თუ არა ჩრდილოეთ კორეის ძალებმა საპასუხო ცეცხლი.

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ხშირად ახორციელებდნენ გამაფრთხილებელ გასროლებს ჩრდილოეთ კორეის საპატრულო ან კომერციული გემების მოსაგერიებლად, რომლებიც მის ტერიტორიულ წყლებში იჭრებიან.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სადავო საზღვარი ხშირად დაპირისპირების საგანი ხდება.  2010 წელს ჩრდილოეთის მიერ სამხრეთ კორეის კუნძულის დაბომბვისა და სამხრეთ კორეის საზღვაო გემის დაბომბვის დროს ჯამში 50 სამხრეთ კორეელი დაიღუპა.