სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა

ჰიტლერი

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა. განყოფილების გახსნის ოფიციალურს ცერემონიას სხვა პირებთან ერთად ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი გერჰარდ კარნერიც ესწრებოდა.

Reuters-ის ცნობით, ავსტრიის ხელისუფლება წლების განმავლობაში აწარმოებდა სამართლებრივ დავას სახლის მფლობელთან, რაც 2016 წელს შენობის ექსპროპრიაციით დასრულდა. არსებობდა სახლის დანგრევის გეგმებიც, რათა ის ნეონაცისტების პილიგრიმობის ადგილად არ ქცეულიყო, თუმცა საბოლოოდ ამ იდეაზე უარი თქვეს და შენობაში პოლიციის განყოფილების განთავსება გადაწყვიტეს.

2020 წელს, როდესაც შენობის რეკონსტრუქციის კონკურსის შედეგები შეჯამდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის პოლიციის განყოფილებად გადაკეთებაზე 5 მილიონ ევროს დახარჯავდნენ.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ერთადერთი რამ, რაც ახლა იმას გვახსენებს, რომ ამ შენობაში ჰიტლერი დაიბადა, სახლის სიახლოვეს მდებარე მემორიალური ქვაა, რომელიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან არის ჩამოტანილი და რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა: „ფაშიზმი - აღარასოდეს“.

ადოლფ ჰიტლერი ბრაუნაუ-ამ-ინში მდებარე სახლში, ზალცბურგის მახლობლად, 1889 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში ამ შენობაში განთავსებული იყო სკოლა, ბიბლიოთეკა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარი.