„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
თეთრი მარმარილოდან გამოკვეთილი და გრაფიტით დაფარული ბიუსტი 1988 წელს გაუჩინარდა. 37 წლის შემდეგ, ქანდაკება, რომელიც ამერიკელი მომღერლის, ჯიმ მორისონის საფლავს ამშვენებდა, ისევ გამოჩნდა - რაც პარიზის პროკურატურამ "შემთხვევით აღმოჩენად" შეაფასა.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ისინი სხვა საქმეს იძიებდნენ, როცა შემთხვევით გადააწყდნენ The Doors-ის ფრონტმენის ქანდაკებას. განცხადებას, რომელიც ორშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, თან ახლდა ფოტოც - ქანდაკება კვლავ გრაფიტითაა დაფარული და ცხვირის დიდი ნაწილი ისევ აკლია.
ქანდაკება მორისონს ხორვატმა მხატვარმა, მლადენ მიკულინმა მიუძღვნა. ბიუსტი 1981 წელს, მომღერლის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, მის საფლავზე დადგეს. ჯიმ მორისონი საფრანგეთის დედაქალაქში, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მორისონის საფლავზე მდგარი ძეგლი მრავალი წლის განმავლობაში იღებდა მნახველებს, რომლებიც ფოტოებს იღებდნენ, ყვავილებს ტოვებდნენ და - სანამ საფლავზე დარაჯს დაიქირავებდნენ - ბალახს ეწეოდნენ და ერთობოდნენ.
ბიუსტის დადგმიდან შვიდი წლის შემდეგ ის უკვალოდ გაქრა. სხვადასხვა ჭორების მიხედვით, 128 კილოგრამიანი ქანდაკება შუაღამისას მოიპარა ორმა ფანმა და მოპედით წაიღო, ან თითქოს სკულპტურა მისი დაცვის მიზნით ხელისუფლებამ გადამალა.
1994 წელს, პერ ლაშეზის სასაფლაოზე ორი ამერიკელი დააკავეს - ისინი მორისონის საფლავზე საკუთარი ბრინჯაოს ბიუსტის დამაგრებას ცდილობდნენ.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი ამბობდა, რომ საკუთარი საპენსიო დანაზოგიდან ათასობით დოლარი დახარჯა ბიუსტის "აღსადგენად", 1994 წელს მედიასთან იხსენებდა, რომ სასაფლაოს უსაფრთხოების თანამშრომელი დაბნეული იყო, როდესაც ის და მისი ძმისშვილი ღამით მორისონის საფლავზე ბიუსტის დადგმას ცდილობდნენ — "უბრალოდ დაბნეული სახე ჰქონდა... ამ სასაფლაოზე ხალხი ნივთებს ძირითადად ანადგურებს".
მორისონის ფანები პოლიციის მიერ "არაჩვეულებრივ აღმოჩენად" შერაცხულ ამბავს ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ბიუსტი მომღერლის საფლავზე.
პერ-ლაშეზის სასაფლაოს კურატორმა ბენუა გალომ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს განუცხადა, რომ პოლიცია ჯერ არ დაკავშირებიათ და არ იციან, დაუბრუნდება თუ არა ქანდაკება თავის ადგილს.