1734811100
"საჩუქრების რაოდენობა, რომლებიც მოსამართლე ტომასმა მიიღო, თანამედროვე ამერიკის ისტორიაში შედარებას არ ექვემდებარება" - Washington Post-ი 20-თვიანი გამოძიების ანგარიშზე წერს
აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან ეთიკის პრინციპების არაერთი დარღვევა გამოავლინეს - ამის შესახებ "ვაშინტონ პოსტი" წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის გამოძიებამ, რომელშიც რესპუბლიკელები არ მონაწილეობდნენ, გამოავლინა მოსამართლე კლარენს ტომასის მოგზაურობები თვითმფრინავითა და იახტით, რომლებიც მას არ გაუსაჯაროებია.
როგორც "ვაშინგტონ პოსტი" სენატის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები რეგულარულად ვერ ახერხებდნენ ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას და იღებდნენ ძვირადღირებულ საჩუქრებს, რომელსაც არ ადეკლარირებდნენ.
20-თვიანი გამოძიების შემდეგ ანგარიში ასკვნის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კლარენს ტომასმა სასამართლოში მუშაობის სამი ათწლეულის განმავლობაში მილიონობით დოლარის საჩუქრები მიიღო.
"საჩუქრების რაოდენობა, რომლებიც მოსამართლე ტომასმა მიიღო, თანამედროვე ამერიკის ისტორიაში შედარებას არ ექვემდებარება", – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ პირს, ვინც ტომასს საჩუქრები გადასცა, შემდეგ საქმეები ჰქონდა სასამართლოში.